Tuesday 19 January 2010

განსხვავებული, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანები

გურჯაანი... კახეთის შუაგული... ზამთარია, ცივა, ირგვლივ ყველაფერი გაყინულა, ახტალის ცხელი ტალახიდან ორთქლი – შენობებიდან კი კვამლი ამოდის. ოჯახებში სითბო ტრიალებს – ეს დიდი ოჯახია, ცერებრალურ დამბლით დაავადებულთა სპეციალური სკოლა-ინტერნატი, საქართველოში ერთადერთი. აქ ყველა კუთხიდან ჩამოსული ბავშვები სწავლობენ, ცხოვრობენ და მკურნალობენ.

ამ დიდ ოჯახში თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივადაა. თენდება, ბავშვი თვალს ახელს, მზრუნველი გარემო, აღმზრდელი მასწავლებლები, მზადება სკოლაში წასასვლელად, საუზმე, იწყება გაკვეთილები, სკოლაში არ ისმის ჟრიამული, დასვენებაზე თითქმის ვერ ნახავთ მომღიმარ სახეებს, მკვირცხლად მორბენალ ბავშვებს. უკვე სადილის დროა. მზარეული მათ სადილს ერთ დიდი ქვაბში აკეთებს, შემდეგ ისევ მზადდება მომდევნო დღისათვის. მანამდე კი მკურნალობა, მასაჟი, ლოგოპედი, თვითმომზადება.

მე ვუღიმი მათ, გულში კი ნაღველმა და დარდმა დაისადგურა. ისინიც მიღიამიან, არ მტოვებენ უყურადღებოდ, უხარიათ სტუმარი. ემოციების გარეშე მიყვებიან თავის შესახებ, ჩემიც აინტერესებთ. აინტერესებთ თავისი მომავალი, სურვილი გახდნენ სტუდენტები, ისინიც ფიქრობენ, ოცნებობენ, მსჯელობენ...

ცერებრალური დამბლით დაავადებულთა სკოლა-ინტერნატში დღეს სულ 73 ბავშვი სწავლობს, რომელთაგან ყველას სპეციფიკა განსხვავებულია და ყველას სჭირდება სამედიცინო თუ სხვა სახის დახმარება. ისევე როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს მათაც სწყურიათ სწავლა, რომელიც დილის 9 საათიდან შუადღის 3 საათამდე მიმდინარეობს, დღის მომდევნო ნაწილი კი მათი სპეციალური სპეციფიკიდან გამომდინარე ესაჭიროებათ. საჭიროების მიხედვით მათ საძინებელ კორპუსში უტარდებათ მასაჟი, სპეციალური ვარჯიშები თუ სხვა სახის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები. ზოგს ახტალის ტალახის აპლიკაციებიც არ აკლია, რომელიც არა მარტო მათ, არამედ ჯანმრთელ ადამიანსაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს. სკოლა-ინტერნატის დირექტორის მარინა ჭუჭულაშვილის თქმით მათთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა სრულიად საკმარისია. მისი თქმით დღეში თითოეულ ბავშვზე 8 ლარია გამოყოფილი, რომლიდანაც ნახევარი თანხა – 4 ლარი მომსახურე პერსონალზე იხარჯება, ხოლო დარჩენილი კი სრულად აღსაზრდელებს ხმარდებათ. მათი წლიური რესურსი 204 000 ლარს შეადგენს, ასევე კეთდება მცირეოდენი შემოწირულობებიც, რომელიც იმდენად მწირია, რომ ეს თვითონ გარემოს, ინტერიერსა და მოძველებულ საბჭოთა კავშირის ინფრასტრუქტურასაც კი ეტყობა.

ინტეგრაცია?! მგონი მომესმა... არა! ამ სიტყვას XXI საუკუნის ადამიანიც კი რთულად აღიქვამს, დღეს ეს ჩვეულებრივი ადამიანისთვის თითქოს მისაღებია. მიუხედავათ ამისა ვისაც არ უნდა ჰკითხოთ იყოლიებდა თუ არა ასეთ მეგობარს, მათი პასუხია არა! განა ეს ასე რთულად აღსაქმელია? სწორედ დღეს, სწორედ XXI საუკუნეში იწყება ახალი ფაზა, ახალი ეტაპი მათი საზოგადოებასთან ინტეგრაციისა, რომლისთვისაც არა მარტო ქართველები, არამედ თვით უცხოელებიც არ იშურებენ ძალ-ღონეს. სწორედ დღეს, სწორედ აქ, სწორედ ამ რეალობაში განათლების სამინისტროს დახმარებითა და თანადგომით ხორციელდება ეს “რეალობა”, ზოგისთვის ეს მაინც მიუღებელი, აუხსნელი და დღემდე ბუნდოვანია. ემა ნიკოლსონი... ალბათ გსმენიათ... ქალბატონი, რომელიც ასეთ ბავშვებთან მუშაობით არის დაკავებული და რომლის სპეციფიკაც სწორედ ასეთი ბავშვებია, განათლების სამინისტროს დახმარებით არ იშურებს ძალას მათი საზოგადოებასთან ინტეგრაციისა. “აქტიური თემი” ასე ჰქვია პროექტს, რომელიც აქ, კახეთში, სწორედ ამ სკოლა-ინტერნატში ხორციელდება და რომლის მიხედვითაც ისინი დამეგობრებულნი არიან გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლასთან.

ყველაფერი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით დაიწყო. პროგრამები რომლის ინიციატორი თვით არასამთავრობო ორგანიზაცია იყო მისი საქმე 2005 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განაგრძო. პროგრამების საფუძვლის ჩაყრის შემდეგ განცხადება შესაბამის ინსტანციაში სწორედ ამის თაობაზე შევიდა, რომ ყველა ადამიანს მიუხედავად მისი ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობისა მიეღო განათლება.. “ნორვეგიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს მთავრობა ინკლუზიური სწავლის პროექტის განსახორციელებლად დააფინანსა, ყოველივე ეს აღსაზრდელის გარემოსთან ადაპტირებას, მასწავლებლის მომზადებას, ტრენინგებს მოიცავს. ამ კუთხით უკვე განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები, რის შედეგადაც იანვარში მასწავლებლების გადამზადება დაიწყება, ასეთი ბავშვების სკოლაში შეყვანა კი 2010 წლის სექტემბრიდან განხორციელდება” – განაცხადა განათლების სამინისტროს პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მარიკა ზაქარეიშვილმა. გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავადებულთა სპეციალურ სკოლა-ინტერნატში ხორციელდება პროექტი “აქტიური თემი”, რომლის მიხედვითაც შეზღუდული შესაძლებლობებისა და მე-2 საჯარო სკოლის ბავშვების ერთობლივი კონცერტით შემოსული თანხა გადაეცა სოციალურად დაუცველ ოჯახს.

“ასეთი ტიპის სირთულეების ხელშეწყობა ადვილი არაა, საჭიროა სახელმწიფოს უფრო მეტი ხელშეწყობა და აქტიური ჩართულობა. უდიდეს პრობლემას გარემო წარმოადგენს, განსაკუთრებით სოციალური გარემო რომელიც მეტად პრობლემატურია. ძირითადად არ არსებობს ასეთი ტიპის პროგრამები, რომელიც ხალხის ადაპტაციას დაიწყებს და ბოლომდე აღმოფხვრის ამ პრობლემებს” – განახადა ფსიქოლოგმა ნინო სხირტლაძემ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს არაერთი ასეთი ტიპის პროგრამა აქვს, რომელიც ასეთი ტიპის ბავშვების ხელშეწყობასა და დახმარებას ითვალისწინებს. “2009 წლის პროგრამების წლიური დაფინანსება 4 500 000 ლარია და ცალკეულ პროგრამებზე იხარჯება, ჯანდაცვის სამინისტროს ასეთი 9 ტიპის პროგრამა აქვს და მე-10 მათზე მონიტორინგია. შშმ პირთა სათემო ორგანიზაციის ქვეპროგრამა, უსინათლოთა სოციალური ინტეგრაციის ქვეპროგრამა, შშმ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის/რეაბილიტაციის ქვეპროგრამა და სხვ. სწორედ უკანასკნელი პროგრამაა რომელზეც 2009 წლის ბიუჯეტიდან 780 000 ლარია გამოყოფილი და რომლითაც გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავალებულ სკოლა ინტერნატში მკურნალობენ” – განაცდახა საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის დირექტორმა თამარ ლობჟანიძემ.

სირთულეები, პრობლემები, გონებრივი თუ ფიზიკური შეზღუდულობა... სკოლა-ინტერნატის მასწავლებლის ლალი ძირკველიშვილის განცხადებით, რომელსაც გამოცდილების მრავალწლიანი სტაჟი აქვს მისი თქმით სირთულეები ბევრია ბავშვების სპეციფიკიდან გამომდინარე, რომლის დაძლევასაც მაქსიმალურად ცდილობენ. “ვცდილობთ ჩვენი მუშაობა გავააქტიუროთ, უფრო შინაარსიანი და საინტერესო გავხადოთ” – აცხადებს ლალი ძირკველიშვილი.

პედაგოგებთან, აღმზრდელებთან, ძიძებთან და სხვა მომსახურე პერსონალთან ერთად ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებთან ლოგოპედიც მუშაობს, რომლის არსებობაც მათი მეტყველების დასახვეწადაა საჭირო, რადგან ასეთი ბავშვების უმრავლესობას ხშირად აღენიშნებათ ასეთი ტიპის დარღვევები.

პედიატრი ამ სკოლა-ინტერნატში ყველას ეხმარება, ზრუნავს და უვლის მათ. მისი მოვალეობაა არ მოაკლოს ყურადღება ამ ბავშვებს. პედიატრ ანა ქადაგიშვილის თქმით სიტუაცია ყოველწამს შეიძლება დაიძაბოს. ბავშვები რომლებიც ვერ ამბობენ თავის “სატკივარს”, ბავშვები რომლებიც გიღიმიან და შენგან დახმარებას ელიან. “ცერებრალურ დაავადებას თან ახლავს ეპილეფსიური გულყრები, რომელიც უმალ საჭიროებს დახმარებას, რადგან რამდენიმე წუთით დაგვიანებაც კი შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს და საფრთხე შეუქმნას მათ სიცოცხლეს" - განაცხადა პედიატრმა ანა ქადაგიშვილმა.

დაღამდა... საძინებელი ოთახებისაკენ გაეშურნენ. აღმზრდელი მასწავლებლები დაემშვიდობნენ. ძიძებმა ტკბილი ძილი უსურვეს. მათი სიზმრები ალბათ განსხვავებულია, ენატრებათ მშობლები, ახლობელი ადამიანები, მშობლიური კერა...

ვტოვებ გარემოს, რომელიც არასოდეს დამავიწყდება... გავა დრო, შეიძლება შევხვდე რომელიმე მათგანს. რა ვითარებაში? რა გარემოში? ისინიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან... იქნებ მათ უფრო მიცნონ. მე ვერა. შეიძლება მოხდეს სასწაული...